მონასტირსკი: „აზოვის“ პოლკის დატყვევებულ მებრძოლებთან კავშირზე, უკრაინის დაზვერვის ოფიცრები არიან

„აზოვის პოლკის დატყვევებულ მებრძოლებთან კომუნიკაცია აქვთ უკრაინის დაზვერვის ოფიცრებს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა.

ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეშვეობით, უკრაინული მხარე იგებს თუ რა პირობებში იმყოფებიან რუსული მხარის მიერ დატყვევებული აზოვის პოლკის მებრძოლები.

„დღეს აზოვის პოლკის დატყვევებულ ჯარისკაცებთან კომუნიკაციას ახორციელებენ ჩვენი დაზვერვის ოფიცრები, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოდან. სწორედ მათი საშუალებით ვიგებთ მეტ ინფორმაციას: დაკავების პირობების, კვებისა და განთავისუფლების შესაძლებლობებზე. ვიცით, რომ ისინი ყველა აქ, კიევში აღმოჩნდებიან და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, - განაცხადა შსს-ს ხელმძღვანელმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრომ სამხედრო ტყვეების გაცვლის ფუნქცია თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ დირექტორატს გადასცა. ამიერიდან ტყვეების გაცვლის პროცედურაში ჩართულია უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო, თავდაცვის სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს პოლკი „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1700-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა მარიუპოლში, იმავდროულად, უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, ქარხნის ევაკუაცია გრძელდება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ ასობით უკრაინელი სამხედრო ტყვე დაარეგისტრირა, რომლებაც ქარხანა დატოვეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ. 

აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება.

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. ქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია.